მთავრობის ადმინისტრაცია: სახელმწიფო სტრუქტურების ცენტრალური აპარატების ადმინისტრაციული ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სტრუქტურების ცენტრალური აპარატების ადმინისტრაციული ხარჯი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, სატრანსპორტო საშულებების ხარჯი, 2008-2009 წლებთან შედარებით, 7/8-ჯერ არის შემცირებული. 2008 წლის მონაცემებით, ხარჯი შეადგენდა 191,749,257 ლარს, 2009 წელს - 121,276,676 ლარს, ხოლო 2014 წელს სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯი 22,333,569 ლარია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უპრეცედენტოდ დაბალია ამ მხრივ 2014 წელს ტექნიკის, ავეჯის, მანქანა-დანადგარების და ინვენტარის ხარჯი, რომელიც განახევრებულია წინა წელთან შედარებითაც კი. 2009 წლის მონაცემებით, ამ მიზნით დაიხარჯა 91,296,344 ლარი, 2010 წელს - 107,962,751 ლარი, 2011 წელს - 109,269,572 ლარი, მაშინ როცა 2014 წლის ხარჯი 47,763,450 ლარია.