მომავალი წლიდან საქართველოში შესაძლოა, ფეხსაცმლისა და ავეჯის ახალი ბრენდები გამოჩნდეს

მომავალი წლიდან შესაძლოა, საქართველოში ფეხსცმლისა და ავეჯის ახალი ბრენდები გამოჩნდეს.

ამის შესახებ „აისიარ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად ბიზნესი მუშაობს, დროს არ კარგავს, თუმცა, ახალი პროექტები იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ ნაკლები დანაკარგებით შეძლებენ წლის გადატანას.

„ჩვენი ძირითადი მიმართულება ფეხსაცმელია და საერთაშორისო ბრენდებიდან მსოფლიოში ცნობილ „ეკოს“ და „ჯეოქსს“ წარმოვადგენთ. უახლესი 1 წლის წინ ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილი იყო ასეთივე საერთაშორისო ბრენდი „კლარკსი“, რომელიც გავიდა საქართველოს ბაზრიდან. მომავალი წლიდან კი, ვაპირებთ მის დაბრუნებას.

ასევე ვაფორმებთ დისტრიბუციის კონტრაქტს ავეჯის ერთ-ერთ ბრენდთან, რომელსაც ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში სამეულში შედის და მომავალი წლიდან გვინდა მისი წარმომადგენლობაც გავხსნათ,“-აღნიშნა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი