ესპანეთში 45 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდებიან

ესპანეთის ტურიზმის მინისტრი რეიეს მაროტო აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში 45 მლნ უცხოელი ტურისტის ჩასვლას ელოდებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. უცხოელი ტურისტების ასეთი რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის რაოდენობის ნახევარზე ოდნავ მეტია.

„მალე ესპანეთი მზად იქნება, რომ მსოფლიოსთვის ისევ გაიხსნას. თუმცა მოგზაურობების დაგეგმვა ახლაც შესაძლებელია,“ - აცხადებს მინისტრი.

ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის შედეგად, მთავრობა ცდილობს, ტურისტული სეზონი ნაწილობრივ მაინც გადაარჩინოს. ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. თუმცა კორონაპანდემიის გამო, გასულ წელს ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 80%-ით ნაკლები იყო.

ტურიზმის მინისტრმა დააანონსა, რომ მთავრობა შექმნის „შუქნიშნის რუკას“, რომელიც ტურისტული მოგზაურობების შესაძლებლობებს განსაზღვრავს. როგორც ცნობილია, ევროკავშირი ივნისიდან „ვაქცინაციის პასპორტების“ შემოღებას აპირებს. მინისტრი აცხადებს, რომ ესპანეთში ასეთ პასპორტებს მხოლოდ მაღალი ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების მოგზაურებს მოთხოვენ, ხოლო 20 მაისიდან ბრიტანელი ტურისტებისთვის უარყოფითი ტესტის წარდგენის სავალდებულო ზომა გაუქმდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ