ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება

აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა იწყება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას გეგმავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში.

„ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელიც დღეის მდგომარეობით გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა ფიზიკურ მზაობას მოითხოვს.

პროექტის მიხედვით, ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის ინფრასტრუქტურული მოდელი შექმნება, რაც პირველ რიგში უსაფრთხოს და მიმზიდველს გახდის ხიხანის ციხის დალაშქვრას. გარდა ამისა, ხიხაძირის ხეობაში ხიხანის ციხე გახდება არამხოლოდ ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი, არამედ მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხეობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.