წალკის (დაშბაშის) კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.
ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.