საქართველოში შესაძლოა, „საკვების ბანკი“ შეიქმნას - რას გულისხმობს იდეა?

საქართველოში შესაძლოა, „საკვების ბანკი“ შეიქმნას.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე დავით მებაღიშვილმა პარლამენტს მიმართა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს დაევალა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, იდეა უკავშირდება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას.

„პირველ რიგში სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის, საჭიროა რომ შეიქმნას საკვების ბანკი. საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელს ევროპაში დაამტკიცეს რომ სხვადასხვა საკვებს რომელსაც ვადა გასდის და შენახულია მაცივარში, ვარგისიანობას 1-2, ზოგიერთი პროდუქტი კი 3-თვეც ინარჩუნებს. საკვების ბანკი, რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოხსნას,“- ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

თაია არდოტელი