Amazon-ი დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე დამატებით, 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნის

კორპორაცია Amazon-ი დიდ ბრიტანეთში ელექტრონული კომერციის ფართოდ გავრცელების გამო, აპირებს დასაქმებულთა შტატი 10 ათასი ადამიანით გაზარდოს.

ამის შესახებ ბრიტანული The Independent-ი წერს.

გაზეთის ცნობით, Amazon-ი აპირებს კიდევ ერთი გამანაწილებელი ცენტრის და ოთხი საწყობის გახსნას ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შედეგად იქ დასაქმებულთა რიცხოვნობა 55 ათასით გაიზრდება.

„ბოლო წლების განმავლობაში Amazon-ის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ რთულ პერიოდში მომხმარებლებს პროდუქციაზე უსაფრთხო წვდომა ჰქონოდათ. მათი ბოლო ინვესტიციები გახსნიან შესაძლებლობების ფართო სპექტრს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლისთვის, დაეხმარებიან მათ უნარების გაუმჯობესებაში, რომელიც აუცილებელია მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა კვასი კვარტენგმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი Amazon-ი, 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა შტატებში დააფუძნა. წიგნებისა და მუსიკის გაყიდვიდან კორპორაცია გადავიდა ფილმების, ვიდეოთამაშებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის ვაჭრობაზე, დღეს კი ამ ვებ-გვერდზე სავაჭრო პროდუქციის ფართო ასორტიმენტია ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია