Coca-Cola აშშ-ში Coke Energy-ის წარმოებას წყვეტს - გაქრება თუ არა სხვა ქვეყნის ბაზრებიდან ენერგეტიკული სასმელი

Coca-Cola ამერიკაში Coke Energy-ის წარმოებას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.Coke Energy ენერგეტიკული სასმელისა და Coca-Cola-ს ჰიბრიდია. ის დახლებზე გასული წლის იანვარში, კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვით ადრე გამოჩნდა.

CNN-ის შეფასებით, პანდემიამ სასმელი პროდუქციის მწარმოებელი გიგანტის ბიზნეს-სტრატეგია შეცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია აქცენტს კარგად გაყიდვად სასმელებზე აკეთებს, მათ შორისაა კოფეინის შემცველი და ტრადიციული გაზიანი ანუ ცქრიალა წყლები.

„ამ სტრატეგიის მთავარი კომპონენტია შედეგობრივი და მუდმივი შეფასება იმისა, თუ რა მუშაობს კარგად და რა არა. ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად ვზრდით ჩვენი საუკეთესო ინოვაციების მასშტაბებს, როგორიცაა სასმელი AHA და Coca-Cola ყავით. ჩვენ გვჭირდება დისციპლინირება ისეთი სასმელების, რომლებსაც ბაზარზე შემდგომი ინვესტიციებისთვის მხარდაჭერა არ აქვთ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჩრდილოამერიკაში Coca-Cola-ს ენერგეტიკული სასმელის 4 სახეობა იყიდებოდა. ესენია: Coke Energy, Coke Energy Zero Sugar, Coke Energy Cherry და Coke Energy Cherry Zero Sugar. სასმელები მზადდება გუარანის ექსტრაქტებისა და B-ჯგუფის ვიტამინით და 12-უნციან პორციაზე 114 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. Coca-ს სტანდარტული ქილა 12 უნციაზე 34 მგ კოფეინის შემცველობისაა. Coke Energy მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში გაყიდვაში დარჩება.

გასულ წელს ატლანტაში ბაზირებულმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს 200 ბრენდის წარმოებას, რომელიც მისი პორტფელის თითქმის ნახევარს შეადგენს. წარმოების ასეთი შემცირება Coca-Cola-ს საშუალებას აძლევს, უფრო მომგებიან წინადადებებზე გაამახვილოს ყურადღება.

CNN-ის ინფორმაციით, მანამდე „სასმელების სასაფლაოზე ქოქოსის წყალი Zico, წვენი Tab და Odwalla დაიმარხა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ