შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი და კოსმეტიკა შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

Bloomberg წერს, რომ მსოფლიო ბაზარზე პალმის ზეთის ფასის „მეტეორულმა ზრდამ“ შესაძლოა, მისი მოხმარების სტრუქტურა პოტენციურად შეცვალოს და ხარჯები გაზარდოს როგორც რესტორნებისთვის, ისე საკონდიტრო ნაწარმისა და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლებისთვის. მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი საკვები ზეთის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 120%-ზე მეტად გაიზარდა და ტონაზე 1091 დოლარს, რეკორდულ დონეს გადააჭარბა.

ტროპიკულ ზეთს სხვადასხვა პროდუქტში იყენებენ, როგორიცაა შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, საპონი, ტუჩსაცხი, ბიოსაწვავი. ის, ასევე, ფართო მოხმარებაშია აზიურ რესტორნებში. პალმის ზეთი, ძირითადად, ინდონეზიასა და მალაიზიაში იწარმოება.

„ის იმდენად პოპულარულია, რომ კვლევების თანახმად, სუპერმარკეტებში გამოფენილი შეფუთული პროდუქციის თითქმის ნახევრის შემცველობაშია. მართალია, ალტერნატივა არსებობს სოიოს და მზესუმზირის ზეთების სახით, მაგრამ ფასები მათზეც იზრდება, რაც გლობალურ სასურსათო ინფლაციას იწვევს, ეს კი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია,“ - წერს Bloomberg.

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში Phillip Futures-ის გაყიდვების მენეჯერმა და ბროკერმა მარჩელო კულტრერამ სააგენტოს განუცხადა, რომ მაღალი ფასები მოკლევადიან პერიოდში, ძირითადად, გავლენას მოახდენს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლების ხარჯებზე. ფასების ზრდას ევროპისა და აშშ-ს პოლიტიკაც იწვევს, სადაც გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ზეთის კულტივირება ტყეების გაჩეხვას იწვევს.

პალმის ზეთის მსხვილ იმპორტიორად ინდოეთი ითვლება, შემდეგ კი - ჩინეთი. რაც შეეხება შემსყიდველს, კომპანია Unilever ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მლნ ტონა პალმის ზეთს ყიდულობს, რასაც ნაყინის, კოსმეტიკისა და საპნების დამზადებაში იყენებს. ეს კომპანია მსოფლიოში პალმის ზეთის ყველაზე მსვილი შემსყიდველია.

„თუკი ფასების ზრდის გამო კომპანიები შეეცდებიან, რომ პალმის ზეთიდან სხვა მცენარეულ ზეთებზე გადავიდნენ, ისინი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ ხარჯებს წააწყდნენ. მაგალითად, სოიოს ზეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 150%-ით გაძვირდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის ფასი უკრაინაში გაორმაგდა,“ - წერს სააგენტო.

Kaleesuwari Intercontinental-ის ვაჭრობისა და ჰეჯირების სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელმა გნანასეკარ ტიაგარადჟანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტროპიკულ ზეთზე ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა სამომხმარებლო ჩვევებზე ზეგავლენას უცილობლად მოახდენს.

„მოსალოდნელია, რომ მოხმარება შემცირდეს და თუკი ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ე.წ. სასურსათო ჩვევებში ცვლილებები მოხდება, ეს კი მთლიანობაში სასურსათო პრეფერანსებსაც შეცვლის,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ