Birkin-ის ფუფუნების ხელჩანთებზე ფასი 28%-ით გაიზარდა - მოთხოვნადი უფრო მცირე ზომის ხელჩანთებია

Hermès Birkin-ის ქალის ხელჩანთებზე დიდი მოთხოვნაა და მისი ფასი სულ უფრო იზრდება. CNN-ის შეფასებით, Birkin-ის ხელჩანთები „იშვიათი სიმდიდრის“ სიმბოლოდ რჩება და ნებისმიერ ფასად მისი შეძენის სურვილს გლობალური პანდემიაც ვერ ასუსტებს.

Christie's-ის აუქციონის სახლში აცხადებენ, რომ ისტორიულად ყველაზე ძვირად გაყიდული 2 ხელჩანთიდან ერთი ნიანგის ტყავისგან დამზადებული Birkin-ის ხელჩანთაა, რომელიც გასული წლის ნოემბერში 390 000 დოლარად გაიყიდა. პირველი იყო, ასევე, ბრენდ Hermès-ის ხელჩანთა Kelly, რომელმაც გაყიდვა 450 000 დოლარით დახურა. შუამავალი, ანუ გადამყიდველი კომპანია Privé Porter-ის საცალო ვაჭრობის ფასის დანამატი Birkin-ზე 50 დან 100%-ს შეადგენს. ამის შესახებ CNN-ს კომპანიის მმართველმა დირექტორმა ჯეფი ბერკმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ხელჩანთების ზოგიერთი კოლექციური ვერსია საცალო ვაჭრობის 10-ჯერ მეტ ფასსაც აღწევს.

Birkin-ის ხელჩანთებს, რომლებიც საცალო ვაჭრობაში 9000-დან 500 000 დოლარზე მეტ ფასადაც იყიდება, ფრანგული ფუფუნების ნივთების კომპანია Hermès აწარმოებს. მას ყოველწლიურად შეზღუდული რაოდენობის საქონელი გამოქვს გასაყიდად. CNN-ის შეფასებით, Birkin-ის ხელჩანთის პირველი ხელიდან მიღება გმირობის ტოლფასია. ის მხოლოდ ცნობილი სახეებისთვის ან Hermès-ის მუდმივი კლიენტებისთვის არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, გადაყიდვის ფასი ამ ნივთის მოთხოვნაზე კარგი ინდიკატორია.

გადამყიდველმა Privé Porter-მა პირველი თავისი მაღაზია მაიამის პრესტიჟულ სავაჭრო Brickell City Centre-ში ნოემბერში გახსნა. მაღაზიაში 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების Birkin და Kelly-ის ხელჩანთები იყიდება. ჯეფი ბერკის თქმით, კლიენტები მცირე ზომის ხელჩანთებს უფრო ყიდულობენ, ხოლო ვარდისფერი ყოველთვის პოპულარულია. ამ მომენტისთვის მაღაზიაში Birkin-ის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი მცირე ზომის ხელჩანთის წყვილია, რომლის სიგანეც სულ 20 სანტიმეტრია. ერთს დღის, მეორეს კი ღამის ხელჩანთას უწოდებენ და ორივეს საერთო ფასი 450 000 დოლარია. მარტი და აპრილი Privé Porter-ისთვის ყველაზე მომგებიანი თვეები იყო. კომპანიას თვეში 3 მილიონი დოლარის გაყიდვები ჰქონდა მაშინ, როცა წინა თვეებში გაყიდვებიდან ამ თანხის ნახევარი შესდიოდა.

გაყიდვების შუამავალ მეორე კომპანია The RealReal-ში აცხადებენ, რომ პანდემიის დროს Birkin-ის ხელჩანთებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო.

„ერთი შეხედვით ალოგიკურია, რომ მოსახლეობის სახლში გამოკეტვის პერიოდში ამ ფუფუნების საგანზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა, მაგრამ Hermès-ის პროდუქციის გაყიდვებმა, წინა წლებთან შედარებით, მესამედით მოიმატა,“ - აცხადებს The RealReal-ის ქალთა მოდის განყოფილების ხელმძღვანელი საშა შკოდა. მისი თქმით, წელს Hermès-ის ხელჩანთების გადაყიდვის ფასი, შარშანდელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა. კომპანიის პლატფორმაზე ყველაზე მეტად მოთხოვნადი Birkin-ის მცირე ზომის, 25 და 30-სანტიმეტრიანი ხელჩანთებია. წინა წელთან შედარებით, გაყიდვის საშუალო ფასის 4000 დოლარზე მაღალი მაჩვენებლით Birkin-ის ხელჩანთა ლიდერობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ