Royal Caribbean-მა ისრაელ-საბერძნეთ-კვიპროსის ახალი კრუიზი გააუქმა

საკრუიზო ოპერატორ Royal Caribbean-მა, რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემების გამო, ისრაელიდან საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართულებით კრუიზი გააუქმა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ეს იყო ახალი ხაზი, რომელიც საკრუიზო ოპერატორს მომავალი თვიდან უნდა განეხორციელებინა.

ჰაიფას პორტიდან Royal Caribbean-ის ახალი გემი, სახელწოდებით „Odyssey of the Seas,“ პირველად უნდა გასულიყო და სამი ქვეყნის მიერ ვაქცინირებული ტურისტებისთვის შექმნილი სამოგზაურო კორიდორი უნდა გაევლო.

„ისრაელსა და მთლიანად რეგიონში არეულობის გამო, Odyssey-მ აუცილებელი სამზადისის დროულად დასრულება ვერ შეძლო,“ - ნათქვამია კოპანიის განცხადებაში, რომელშიც ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ისრაელი-ლიბანის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა იგულისხმება. ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ გემი პირველ სეზონს ფლორიდაში გაატარებს და იმედოვნებენ, რომ თავიანთი საკრუიზო გემებით „ისრაელის მეტად პოპულარულ ადგილებს“ მალე დაუბრუნდებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ