ქვეყანაში ხორცის წარმოება  - 2.5%-ით შემცირდა; რძისა და კვერცხის წარმოება კი - 7.8%-თა და 6.9%-ით არის გაზრდილი

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიონი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5 პროცენტით შემცირდა და 1 მილიონი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 174.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა და 11.3 მილიონი ფრთას მიაღწია.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 115.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 15.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 171.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით აღემატება.

თაია არდოტელი