Financial Times: რთული ეპიდსიტუაციისა და გვალვების გამო ინდური ჩაი შესაძლოა, გაძვირდეს

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა და დამდგარი გვალვები ჩაის მოსავლის აღებას ხელს უშლის. მწარმოებლები აცხადებენ, რომ თუ ეპიდსიტუაციის ჩაცხრობა და გაკონტროლება არ მოხდა, ჩაის ფასი შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.

გაზეთს ადგილობრივ მეჩაიეთა ასოციაციის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვით ასამის შტატის 90 ჩაის პლანტაციაში კორონავირუსის 500 შემთხვევა დაფიქსირდა. ასამი ქვეყნის უმსხვილესი ჩაის მწარმოებელი შტატია. როგორც პლანტაციების მფლობელები ამბობენ, პანდემიის რეალური მასშტაბების განსაზღვრისთვის დამატებითი ტესტირების ჩატარება აუცილებელია. ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შეჩერებას შტატის სხვა 800 პლანტაციაში ცდილობს.

პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პლანტაციაში დასაქმებულთა შორის ვირუსის გავრცელების მიზეზი მძიმე საცხოვრებელი და სამუშაო პირობებია. პროფკავშირების განცხადებით, თანამშრომლები მუშაობენ და გადაადგილდებიან დიდ ჯგუფებად, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

Financial Times წერს, რომ ხელისუფლება პლანატაციებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის პუნქტებს ხსნის. თუმცა ვაქცინების ნაკლებობის გამო ყველას აცრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სიტუაციას, ასევე, ასამის შტატში დამდგარი გვალვა ართულებს.

კოკა კვირკველია