ირაკლი ღარიბაშვილი - ივნის-ივლისში საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე - ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება

ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უფრო კონკრეტულად საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და „ფაიზერის“ პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

"ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის "კოვაქსის" პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

„გვაქვს ჩინური „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან უშუალოდ მოლაპარაკებები, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშრებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ, არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.