„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები"

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა, 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.

„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანებად თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა, მიმდინარე წელის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ასევე, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. გადასახადის გადამხდელს, რომელთაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, არსებითად მხოლოდ შედგება ჯარიმა/საურავებისგან. მათ შესაძლებლობა ექნება ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე, შეთანხმებაზე გაფორმება. დავალიანების 30% გადახდის შემთხვევაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყველა გადასახადის გადამხდელს ეხება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის.

„გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას მათ შორის აღიარებულს, საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში, მსგავსი ფორმით და პირობით წარმოდგენილი განცხადებები, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება. მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას. თავისი შინაარსით იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს. უკვე ხვალიდან შესაძლებლობა ექნება მეწარმეებს მსგავსი ფორმით მიმართონ შემოსავლების სამსახურს“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.