Ryanair-მა ფინანსური წელი რეკორდული ზარალით დაასრულა

ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა 815 მლნ ევროს (989 მლნ დოლარის) ოდენობის გადასახადების შემდგომი წლიური ზარალის შესახებ განცხადება გაავრცელა, რაც მის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს მასშტაბური ზარალი Ryanair-ის რთულ მდგომარეობას მოყვა, როცა COVID-19-ის პანდემიის შეზღუდვების გამო იძულებული გახდა, რეისების 80%-ზე უარი ეთქვა.

მარტში დასრულებულ ფინანსურ წელს ევროპის ამ უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ფასდაკლებით 27,5 მლნ მგზავრი გადაიყვანა მაშინ, როცა წინა წელს მისი მგზავრების რაოდენობა 149 მილიონს შეადგენდა. Ryanair-მა გასულ ფინანსურ წელს თავის ისტორიაში „ყველაზე რთული წელი“ უწოდა. ავიაკომპანიის პროგნოზი გამართლდა, რომ მიმდინარე ფინანსურ წელიწადს მგზავრები 80-დან 120 მილიონის დიაპაზონში ყველაზე დაბალი ზღვრული რაოდენობით ეყოლებოდა. ვარაუდობენ, რომ აპრილი-ივნისის კვარტალში ავიაკომპანია მხოლოდ 5-დან 6 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.

გავრცელებულ განცხადებაში Ryanair შეუძლებლად მიიჩნევს წლიური მოგების პროგნოზირებას, მაგრამ „სიფრთხილით ვარაუდობს“, რომ 2022 ფინანსურ წელიწადს ზარალის გარეშე დაასრულებს, თუკი ევროკავშირში ვაქცინაციის პროგრამა გაგრძელდება. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მაკლ ო’ლირი აცხადებს, რომ ყოველკვირეული შეკვეთების ბოლოდროინდელი სწრაფი ზრდა ბიზნესის აღდგენის დასაწყისზე მიუთითებს. მისი მონაცემებით, თუკი აპრილის დასაწყისში კვირაში ჯავშნების რაოდენობა 500 000 იყო, ამჟამად ჯავშნებმა კვირაში 1,5 მილიონამდე მოიმატა.

„დღევანდელი პროგნოზით, ევროკავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი სექტემბრისთვის აცრილი იქნება, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ფინანსური წლის მეორე ნახევარში, ოქტომბერ-მარტის პერიოდში კომპანიის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება,“ - აცხადებს მაიკლ ო’ლირი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ანალიტიკოსები ოდნავ მეტს, 834 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს პროგნოზირებდნენ.

„ეს უკეთესია, ვიდრე ვპროგნოზირებდით, მაგრამ დანაკარგი მაინც მტკივნეულია ავიაკომპანიისთვის, რომელსაც თავისი 35 წლის ისტორიაში სტაბილურად მოჰქონდა მოგება,“ - აცხადებს ო’ლირი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ