პროფკავშირების გაერთიანება "ჯორჯიან ეირვეისის" თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავიაკომპანია "აირზენა ჯორჯიან ეირვეისის" თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ აუცილებელია რეგულაციები იმისთვის, რათა ავიაციის და ტურისტულ სფეროში მომუშავე ქართული კომპანიები დაცულნი იყვნენ უცხოური კომპანიების მხრიდან უსამართლო და არაკეთილისინდისიერი კონკურენციისაგან.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სოლიდარობას გამოთქვამს ავიაკომპანია "აირზენა ჯორჯიან ეირვეისის" თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ორი დღის მანძილზე საგაფიცვო რეჟიმში იმყოფებოდნენ და სამართლიანად მოითხოვდნენ მათი უფლებების დაცვას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს და გაფიცული მუშაკები აეროპორტის პარალიზებას აღარ მოახდენენ, თუმცა მათი მოთხოვნების შესრულებისთვის მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება მდგომარეობის დარეგულირებისაკენ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და დიალოგის დაწყებას. თუმცა რჩება მოუგვარებელი საკითხები და ცხადი ხდება, რომ საჭირო და აუცილებელია რეგულაციები იმისათვის, რომ ქართული კომპანიები (როგორც ავიაციის, ისე ტურისტულ სფეროში) დაცულნი იყვნენ უსამართლო და არაკეთილისინდისიერი კონკურენციისაგან უცხოური კომპანიების მხრიდან, რომლებიც იყენებენ რა დემპინგურ ფასებს - ხელს უშლიან ადგილობრივი კომპანიების განვითარებას. ეს აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის ამ სექტორებში სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისათვის", - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.