ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რის საფუძველზე მიიღეს „კომენდანტის საათის“ გადაწევის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რის საფუძველზე მიიღეს დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევის გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა, გაითვალისწინეს ზაფხულის პერიოდი და მოსახლეობის აქტივობა.

„შემსუბუქების გადაწყვეტილება ეხება ღამით მოძრაობის შეზღუდვის შემსუბუქებას, რაც ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე, დღის ხანგრძლივობის გაზრდის გამო, უკვე იყო ძალიან აქტიური და მოლოდინიც მოსახლეობის მხრიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე, ვიდრე შიდა სივრცეში. გარე სივრცე უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ზაფხულში, როცა მეტი არის გარე სივრცეში აქტივობა, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდას ეს, რა თქმა უნდა, აბალანსებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე სახმელეთო საზღვრების შესაძლო გახსნის საკითხზე არ უმსჯელიათ. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და უახლოეს პერიოდში დღის წესრიგში დადგება.