„იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს 2019 წლის შედეგს გავუტოლდებით“  - ,,არქი“

,,გასული წლისგან განსხვავებით, წელს კლებაც უმნიშვნელოა და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს 2019 წლის შედეგს გავუტოლდებით“- ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სამშენებლო კომპანია ,,არქის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

შიო ხეცურიანის თქმით, მათი კომპანის შემთხვევაში, სამშენებლო ვადებმა მხოლოდ 2 პროექტზე გადაიწია და სხვა შეფერხება არ ჰქონიათ.

,,2008 წლისგან განსხვავებით, როგორც სექტორი ასევე სახელმწიფოც მეტად მომზადებული შეხვდა პანდემიურ კრიზისს, თუმცა, ეფექტი უარყოფითი იყო და ცხადია, შეგვიშალა მუშაობაში ხელი, ისე როგორც ყველა სექტორს და ყველა ადამიანს მსოფლიოში. გასული წლის მარტიდან დაწყებული ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ მუდმივად ვაჩვენებთ მდგრადობას და სწორ პოლიტიკას.

სამშენებლო ვადები 2 პროექტის გარდა არ გადაწეულა ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არსად. ისიც გასული წლის აპრილში არსებულმა პირველმა სრულმა ლოქდაუნმა გამოიწვია. ჩვენ, ძალიან ახლოს ვართ 2019 წლის მაჩვენებელთან, აქამდე 3-4% გვაკლია. გასული წლისგან განსხვავებით, წელს კლებაც უმნიშვნელოა და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს 2019 წლის შედეგს გავუტოლდებით“, - განაცხადა ხეცურიანმა ,,საქმეში“.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2021 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 5%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით კი დაახლოებით 13%-ით შემცირდა.

თამარ მუკბანიანი