რუსეთში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

რუსეთის დუმაში ქვეყნის ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე საუბრობენ, რაც დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლის ვარდნას შეაჩერებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრმა ანატოლი ვიბორნოვმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი. კონკრეტულად კი, შესაძლებელია რუბლის ალტერნატიული ვალუტის შექმნა, რომლის სახელწოდება ჯერ არ არსებობს. რუსი დეპუტატის განცხადებით, არ არის გამორიცხული ახალი ვალუტის შექმნაში ეკონომიკური კავშირისა და შანხაის თანამშრომლობის წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართული. ანატოლი ვიბორნოვის თქმით, დეპუტატებს შორის ამ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

ამასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში რუსული რუბლის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა: ნავთობის გაიაფება, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და სპეკულაციები რუსეთის სავალუტო ბაზრებზე.