საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველო 85 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან სესხს მიიღებს

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე საქართველო 85 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა პამდემიიდან დაზარალებულ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად გამოიყოფა.

"თანხა, რომელსაც ახლა ხელი მოვაწერეთ, ეს არის 85 მილიონის დაფინანსება, რომელიც გამოიყოფა მსოფლიო ბანკიდან. აღნიშნული ორი მიმართულებით იქნება განსაზღვრული. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფა, რომელიც შეეხება საშუალო და მცირე ზომის საწარმოების დაფინანსების სხვადასხვა კომპონენტს. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში გავაგრძელოთ აღნიშნული პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ საშუალება დამატებითი ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაუჩნდეს. გარდა ამისა, მეორე მიმართულებაა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მიმართულება, ეს არის სწრაფი გადახდის სისტემების პროექტის საქართველოში დანერგვა. ამ მიმარულებით, 85 მილიონი ევროდან 6 მილიონი ევროა გამოყოფილი ეროვნული ბანკისთვის", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკისგან საქართველო 85 მილიონ ევროს 1%-ზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით მიიღებს.

"ეს არის, როგორც წესი, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში საუბარია 1 პროცენტზე დაბალ განაკვეთზე. გარდა ამისა, სესხის მოცულობის პერიოდია 26 წელი, საიდანაც ნახევარი არის საშეღავათო პერიოდი, როდესაც არ ხდება აღნიშნულ თანხაზე პროცენტის გადახდა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა მოაწერეს.