მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.
ასეთია საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება.
„რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ არავითარი შემსუბუქება არ ეხებათ საბანკეტო დარბაზებს და ისინი, კვლავ დახურულები რჩებიან. შეღავათი კი, თბილისის რესტორნების 40%-ზე აისახება, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება, ეჭვგარეშეა, რომ მისასალმებელია და პოზიტიურად აისახება ჩვენს სექტორზე. არა მხოლოდ ჩვენი სფეროს, არამედ საზოგადოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
9 საათამდე შეზღუდვას, პრაქტიკულად, უმუშევრობა ერქვა რესტორნებისთვის, ახლა კი არეალი გაფართოვდა. აქედან გამომდინარე ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანია რესტორნებისთვის, რომლებიც შეზღუდული იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მუშაობდნენ. ტენდენცია, უდავოდ დადებითია და მეტ დაშვებას ველით 1-ლი ივნისიდან. ღია სივრცეები, თბილისში არსებული რესტორნების დაახლოებით 40%-ს აქვს, შესამაბისად, ამ ეტაპზე შაბათ-კვირას მუშაობას კვების ობიექტების მხოლოდ ეს ნაწილი განაახლებს.
საბანკეტო დარბაზებს კი, რომლებსაც კვლავ არ ეძლევათ მუშაობის უფლება, არ აქვთ არავითარი შეღავათი და მათთვის, არაფერი შეცვლილა“, - ამბობს ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუთან“.
ცნობისთვის, დღეიდან კომენდანტის საათი 23:00-05:00 საათამდე იმოქმედებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. უკვე 6 თვეზე მეტია საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.