"ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.) გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს განაახლებს. ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი შეირჩევა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია, რასაც აღნიშნული პროგრესიც ადასტურებს.

"ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს შევძლებთ, ინტერესთა გამოხატვის პროცედურის ჩატარებას უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით”,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია MTBS (ნიდერლანდების სამეფო) საზღვაო სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. სანავსადგურო სექტორში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პორტის განვითარების სტრატეგიებისა და გენერალური გეგმების შემუშავება, ფინანსური ანალიზი, დაფინანსების მოზიდვა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, ბაზრის ანალიზი, საკონსულტაციო მომსახურება ტენდერის პროცესში და ა.შ. კომპანიას სანავსადგურე სექტორში მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასრულებული და მიმდინარე წარმატებული პროექტი აქვს.