მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მესამეჯერ გადაიდო და წელს აღარ გაიმართება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ზაფხულში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. ფორუმი წელს სინგაპურში უნდა ჩატარებულიყო.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგიონში შექმნილი ტრაგიკული ვითარება, მოგზაურობების ბუნდოვანი პერსპექტივა, ვაქცინაციის განსხვავებული ტემპები და ახალი შტამების ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა ბიზნესის, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების გლობალურ შეხვედრას შეუძლებელს ხდის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტრადიციულად შვეიცარიის კურორტ დავოსში იმართებოდა, კოვიდპანდემიის გამო ორჯერ გადაიდო და ბოლოს მისი გამართვა სინგაპურში, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაინიშნა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა მდივანმა, კლაუს შვაბმა ამას „რთული გადაწყვეტილება“ უწოდა.

„ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია,“ - აცხადებს შვაბი.

სინგაპურში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელი მონაცემებით, დადასტურდა ინფექციის გადაცემის კიდევ 21 შემთხვევა, საიდანაც 11 წინა შემთხვევებთან კავშირში არაა. ქვეყანაში დაავადებულთა საერთო მაჩვენებელმა 61 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში 31 ადამიანი გარდაივალა. ამასთან, მსოფლიო ინდოეთში გაჩენილ ახალ შტამს უფრთხის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა 2022 წლისთვის გადაიდო და მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ზუსტი თარიღისა და ადგილის შესახებ მიმდინარე წელს გახდება ცნობილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ