საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით, საქართველო აშშ-სგან 30 მლნ აშშ დოლარს მიიღებს

აშშ-ის კონგრეში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთან მიმართებით, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან ("2015 ფისკალური წლის კონსოლიდირებული და შემდგომი მიმდინარე ასიგნებების აქტი") დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს 2013 წელს მიღებული ორპარტიული საბიუჯეტო აქტის ფარგლებში ფედერალური მთავრობის ხარჯების გეგმას 2015 წლის 30 სექტემბრამდე.

"2015 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ასიგნებების ნაწილში, საქართველოსთან მიმართებით საყურადღებოა, რომ საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF)) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, "ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. 2015 ფისკალური წლის თავდაცვის დეპარტამენტის ასიგნებების ნაწილში, ERI-ის ფონდიდან საქართველოსთვის კონკრეტული რაოდენობა არ არის გამოყოფილი, თუმცა, ERI-ის ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 810 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას. 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტი უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესიის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.