საქართველოში ახალი სსიპ-ი იქმნება - რა ფუნქციები ექნება სააგენტოს

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ახალი სსიპ-ი იქმნება. საუბარია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოზე.

მთავრობის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ასევე სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ამ დადგენილების შესაბამისად, გაუქმდება სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ 9 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ის სამსახურები/ფუნქციები, რომლებიც პასუხს აგებენ ან ახორციელებენ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირებასა და აიტი პროდუქტებისა თუ პროცესების მართვა-მომსახურებაზე).

ამასთან, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სამინისტრომ და მასში შემავალმა სსიპ-ებმა უნდა უზრუნველყონ რეორგანიზაციის გამოცხადება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. კერძოდ, საუბარია, შემდეგ სსიპ-ებზე:

  • სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;
  • სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
  • სსიპ – ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
  • სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
  • სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;
  • სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;
  • სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო;
  • სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო განისაზღვრა სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ, მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის საქმიანობის მიმართულებით.

თაია არდოტელი