ჯანდაცვის სამინისტროსა და მასში შემავალ 9 სსიპ-ში შესაძლოა, დასაქმებულთა შტატები შემცირდეს

ჯანდაცვის სამინისტროსა და მასში შემავალ 9 სსიპ-ში შესაძლოა, დასაქმებულთა შტატები შემცირდეს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია, მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ქვეყანაში ახალი სსიპ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებას ეხება.

მთავრობის დადგენილებით, დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო განისაზღვრა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ, მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის საქმიანობის მიმართულებით.

ამასთან, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სამინისტრომ და მასში შემავალმა სსიპ-ებმა უნდა უზრუნველყონ რეორგანიზაციის გამოცხადება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. კერძოდ, საუბარია, შემდეგ სსიპ-ებზე:

  • სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;
  • სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
  • სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
  • სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
  • სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;
  • სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;
  • სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო;
  • სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური.
თაია არდოტელი