სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების დასანერგად ტრენერთა გადამზადება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა პროგრამის განსახორციელებლად მასწავლებლების მომზადების მნიშვნელობაზე, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული სახელმძღვანელოებში ასახული გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები.

ტრენინგის მიზანია, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მიხედვით ტრენერებმა შეძლონ მასწავლებელთა გადამზადება და ამით ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე.

აღნიშნული სახელმძღვანელოთი სწავლა სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 20 000 პედაგოგი შეძლებს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ინტეგრირებას, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდ 250 000 მოსწავლეს ექნება საჭირო ცოდნა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება. მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია, ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.

რაც მთავარია, მოსწავლები გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.