ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში საქართველომ ჯამში 259.6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 616%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში საქართველომ სულ 36.221 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა.
აპრილში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, უფრო კონკრეტულად, 27 აპრილამდე ენგურჰესი გაჩერებული იყო, რამაც ელექტროენერგიის დეფიციტი შექმნა. გარდა ამისა, იმპორტის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი გასულ წელს არსებული სრული ლოკდაუნია, რომლის გამოც მოთხოვნა ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად შემცირდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენგურჰესის გაჩერების ფონზე აპრილში ელექტროენგიის გამოშვება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 118.322 მლნ კვტ/საათით შემცირდა და 2021 წლის აპრილში 825.464 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის აპრილი - 943.796 მლნ კვტ/სთ).
რაც შეეხება მოხმარებას, მიმდინარე წლის აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის აპრილთან შედარებით 106.454 მლნ კვტ/საათით, 1053.56 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. (2020 წლის აპრილი - 947.106 მლნ კვტ/სთ)