სასტუმროების მესამედი კრიზისის გამო გაიყიდა, ან  იყიდება -  ტურიზმის კვლევის ცენტრი

,,სასტუმროების და ზოგადად, განთავსების ობიექტების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება, ზოგი უკვე გასხვისდა, ზოგი გასხვისების პროცესშია და ზოგი ბანკმა წაიღო“- ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ალექსანდრე გიორგიძის თქმით, კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეა, თუმცა წინასწარი მონაცემებით კრიზისმა ყველაზე მეტად ზამთრის კურორტები დააზარალა.

,, ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, როცა სასტუმროებს ფუნქციონირების აღდგენის უფლება მიეცათ, ვეღარ გაიხსნა ობიექტების 30%. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რთულია ვთქვათ, სრული მონაცემები. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეა, თუმცა წინასწარი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ სასტუმროების და ზოგადად, განთავსების ობიექტების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება, ზოგი უკვე გასხვისდა, ზოგი გასხვისების პროცესშია და ზოგი, ბანკმა წაიღო. დარჩენილი სასტუმროებიდან კი, რომლებიც გადაურჩნენ ლიკვიდაციას, აქტიურ ბაზარზე მისი ნახევარია დაბრუნებული. რიცხვებით რომ ვისაუბროთ, სასტუმროების 30-40% გაიხსნა, დანარჩენი კი გაჩერებული ან გასხვისებულია.

მათი ნაწილი, ვინც გადარჩა, ბაზარზე დაბრუნებისგან თავს იკავებენ, რადგან გახსნა ნიშნავს საგადასახადო ტვირთის თავიდან ამოქმედებას. პერსპექტივა კი სამწუხაროდ, ბუნდოვანია და არ არის პროგნოზირებადი გარემო. არც ხელისუფლების დაპირებები და სხვადასხვა განცხადებებია სანდო. ეს აჩვენა პრაქტიკამ.

გუდაურში და სხვა, სამთო კურორტებზე ამ მხრივ განსაკუთრებით რთულია ვითარება, რადგან ჩავარდა კოვიდამდელი სეზონი ჯერ უთოვლობის გამო და შემდეგ, გუდაურს უბრალოდ წყალი არ ჰქონდა მთელი სეზონი. ამიტომ, განგრძობად პერიოდში კრიზისმა, ეს კურორტი და იქ, სასტუმროს მფლობელები ყველაზე მეტად დააზარალა. ჩვენი კვლევის დეტალური შედეგები დაახლოებით სამ კვირაში იქნება. აღვწერთ, როგორც სტატისტიკას, ასევე გამომწვევ პირობებსაც დეტალურად“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი