აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის შემოწმებისას სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებები აღმოაჩინა

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა, საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის შემოწმებისას სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებები აღმოაჩინა, - ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტოს კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს, აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა.

კეკელიშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ წარადგინა.

მისი თქმით, შემოწმებული 9 ორგანიზაციიდან 8-ში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებები.

„სრულყოფილად არ არის დანერგილი არაფინანსური აქტივების მართვის ელექტრონული პროგრამა. არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციები აღირიცხება სხვადასხვა არასისტემატიზებული საშუალებით, რაც ვერ უზრუნველყოფს სწრაფი და ზუსტი მმართველობითი ანგარიშების გენერირებას. რეგისტრებში აქტივების შესახებ ინფორმაციები არასრულყოფილია. არ არის განსაზღვრული ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები. არ არის შემუშავებული ინფორმაციაზე წვდომის და დაშვების პოლიტიკები. არ არის დანერგილი ერთიანი მიდგომა არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ორგანიზაციები ერთგვაროვან აქტივებთან დაკავშირებით აღრიცხავენ და წარმოადგენენ განსხვავებულ ინფორმაციებს.

ასევე, არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის არსებული მიდგომები ვერ უზრუნველყოფს აქტივების შესახებ სრული და ოპერატიული ანგარიშების წარმოდგენას. არაფინანსური აქტივები და მათ შესახებ ინფორმაციები არ არის დაცული დაკარგვისა და დაზიანებისაგან. შედეგად რთულდება სწრაფი და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და ინვენტარიზაციის განხორციელების პროცესი”,- განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შემოწმებული 9 ორგანიზაციიდან 2019 წელს ინვენტარიზაცია 5 ორგანიზაციაში ჩატარდა.

„საიდანაც სამში საინვენტარო აღწერები ტარდება მანუალურად და არ არის გამოყენებული საინვენტარო აღწერის ელექტრონული საშუალებები, შტრიხკოდის წამკითხველები (სკანერები). რაც იწვევს ინვენტარიზაციის პროცესის დროში გაჭიანურებას, დამატებით ხარჯებს და შეცდომით დაშვებულ უზუსტობის რისკებს.

აუდიტის ობიექტების შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვანი ოდენობით განსხვავებული ტიპის აქტივებს და საქმიანობის სფეროც განსხვავებულია”,- აღნიშნა კეკელიშვილმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა: სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა; სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; სსიპ - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე; შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“; შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“; შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“; შპს „თბილსერვის ჯგუფი“.