თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებას „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებას „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ასევე „ფაიზერის“ დოზების საკითხზე არის სერიოზული წინსვლა და დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდებიან.

„მუშაობა მიდის „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე გასულ კვირაში იყო საუბარი „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე და ყველა ეს დეტალი საბჭოს წევრებმა გაიარეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამჟამად აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“ ვაქცინით, როგორც უკვე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის, ასევე ესენციური ჯგუფებისთვის, მათ შორისაა - პოლიციის სამსახური, თავადაცვის სამინისტროს სამსახურები, იუსტიციის სამსახური, მედიის ჯგუფები და ტურიზმი.