2021 წლის ოქტომბრის თვემდე, თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოთა წარმოების ადგილებზე (შეზღუდვის და გადართვის) მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები განთავსდება.
ამასთან, მშენებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმითა და ალმით აღჭურვილი თანამშრომლების გამოყოფას, შეზღუდვის ადგილებში მოძრაობის დასარეგულირებლად.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ4+174მ-ში გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე საგზაო მოძრაობის ჩაკეტვა. ასევე, მოძრაობის დროებით გადართვა შემოვლით გზაზე, სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, რომელიც ისევ 46-ე კმ-ზე დაუბრუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას. სამუშაოების წარმოების დასრულების ვადად 2021 წლის ოქტომბრის თვეა განსაზღვრული”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.