თბილისში ბინების გაყიდვები 18%-ით გაიზარდა

უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერს ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვები 18%-ით გაიზარდა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2021 წლის აპრილში თბილისში, 3,103 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 140 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 2020 წლის აპრილში საჯარო რეესტრი არ მუშაობდა.

„2021 წლის აპრილში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,049 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 21%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

2021 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 21%-ით შემცირდა 2019-თან შედარებით. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 39%-იანი ზრდა განიცადა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

თაია არდოტელი