ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Chevron-მა ისრაელში, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, გაზის საბადოს „თამარის“ მომპოვებელი პლატფორმა დახურა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია. „თამარის“ საბადო ლევანტის ნავთობისა და გაზის აუზში, ლევანტის ზღვის შელფზეა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილია და ისრაელი-ლიბანის საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა ამერიკული კომპანია, რომ ღაზას სექტორის ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სარაკეტო დაბომბვების ერთ-ერთ სამიზნეს გაზის საბადო წარმოადგენს.
„ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად, ჩვენ „თამარის“ პლატფორმა დავხურეთ და წნევა დავაგდეთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პერსონალის, ჩვენი ობიექტებისა და იმ გარემოცვის უსაფრთხოებაა, რომელშიც ვმუშაობთ. Chevron გულდასმით აკვირდება მოვლენებს და როგორც ისრაელის შიდა ბაზარზე, ისე რეგიონალური მომხმარებლებისთვის საიმედო და უსაფრთხო გაზის მიწოდებაზე ამახვილებს ყურადღებას,“ - წერია კომპანიის განცხადებაში. გაზის პლატფორმის დახურვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჰამასის „იზზ ად-დინა ალ-ყასამის“ შეიარაღებული ფრთის ტერორისტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი რაკეტები „სიონისტური გაზის პლატფორმისკენაა მიმართული.“
თუმცა Chevron-ს მოპოვებითი ოპერაციები გაზის უფრო მსხვილ, ლევიაფანის საბადოზე არ შეუჩერებია, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობს, ხოლო დახურული „თამარის“ პლატფორმა აშკელონის სანაპიროდან 23 კილომეტრშია. აშკელონი ისრაელის სამხრეთ ქალაქია და დაბომბვებისგან მეტად დაზიანდა. ქალაქში ეილათ-აშკელონის ნავთობსადენის დიდ რეზერვუარს რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და მეხანძრეები მის ჩაქრობას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. მართალია, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ ხანძრის შედეგად ჰაერში მავნე ქიმიკატები არ გავრცელებულა, მაგრამ ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ფანჯრების დაკეტვის ინსტრუქციით მიმართეს.
„ჩვენ კლიენტების მომარაგებას ლევიაფანიდან განვაგრძობთ და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან ვთანამშრომლობთ, რომ გაზის მიწოდება უსაფრთხო და საიმედო ფორმით განვახორციელოთ,“ - აცხადებენ Chevron-ში.
კალიფორნიაში ბაზირებული კომპანია Chevron „თამარის“ საბადოს 39,66%-ის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც მან კომპანია Noble Energy შეიძინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ