საქართველოში ალუბლის სეზონი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის მოსავლის აღება კახეთის რეგიონში მიმდინარეობს, თუმცა, როგორც EastFruit-ი წერს, პროდუქტის რაოდენობა მცირეა, ფასები კი მაღალი იქნება. ფერმერების თქმით, ამის მიზეზი გაზაფხულის ყინვები და უამინდობაა.
გასულ კვირას 1 კგ ალუბლის ფასი საშუალოდ, 12-დან 14 ლარამდე მერყეობდა.
კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ალუბალი მოჰყავთ, შიდა ქართლია. რეგიონში მოსავლის აღება გაცილებით გვიან, ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება. ისევე, როგორც კახეთში, შიდა ქართლის ფერმერებიც ალუბლის წარმოების შემცირებაზე საუბრობენ. თუმცა, როგორც წესი, შიდა ქართლში ალუბლის მოსავლის აღებასთან ერთად, საქართველოში ალუბლის ფასები შედარებით მცირდება.
ბაჩუკი რუაძე, რომელიც კახეთში 1 ჰექტარ ალუბლის ბაღს ფლობს, EastFruit-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს ალუბლის ყველაზე გავრცელებული ჯიშის, „ხარისგულას“ მოსავალი სიცივის გამო, მცირე იქნება. ამის მიზეზია გაზაფხულის დასაწყისის ამინდი. მისი თქმით, დაბალ ტემპერატურაზე, ფუტკრები ბაღებში აქტიურნი არ იყვნენ, ხოლო ალუბალი მიეკუთვნება იმ კულტურებს, რომელთა მოსავლიანობა პირდაპირ დამოკიდებულია დამამტვერიანებელთა აქტივობაზე.
გარდა ამისა, ფერმერის თქმით, წელს ფუტკრებს უფრო მეტი პრობლემა დაავადებებთან მიმართებით აქვთ, რამაც კიდევ უფრო შეამცირა ალუბლის ბაღების მოსავლიანობა.
2020 წელს საქართველოში ალუბლის სეზონი მაისის მეორე ნახევარში დაიწყო. გასული სეზონის დასაწყისში 1 კგ ალუბლის საშუალო ფასი 10 ლარი იყო, თუმცა, ივნისში პროდუქტის ღირებულება 5 ლარამდე შემცირდა. ხოლო 2020 წლის ივლისში, ანუ სეზონის ბოლოს, ალუბლის ხარისხთან ერთად, საშუალო ფასები მინიმუმამდე, კერძოდ, 2,5-3,5 ლარამდე დაეცა.