თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები საახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებენ

თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაახლოებით 17 000 ადამიანი საახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში მე-13 ხელფასს მიიღებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლები, ჯამში დაახლოებით 17 000 ადამიანი.

ამასთან, ჯაბა სამუშიას თქმით, გუშინ საკრებულოს უმრავლესობამ შეხვედრა გამართა თბილისის მერიის საფინანსო გუნდთან. სამუშიას ინფორმაციით, არსებობს წინადადება, რომ დაიწყოს თანხების მოძიება, რათა თბილისის თვითმმართველობას დაქვემდებარებული მუზეუმების, ასევე შპს "სინათლის ქალაქში" დასაქმებულმა ადამიანებმა წინასაახალწლოდ გარკვეული ფინანსური შეღავათები მიიღონ.