ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, დამტკიცდება და პირველი ივნისიდან ამოქმედდება სტანდარტი, რა შემთხვევაში უნდა მოახდინოს სოციალურმა მუშაკმა რეაგირება ღამის საათებში.
მისივე ინფორმაციით, დოკუმენტში გაიწერება ასევე, ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებული დამატებითი ანაზღაურების საკითხიც. როგორც ბარკალაია განმარტავს, ღამის საათებში არ არის რეკომენდირებული არასრულწლოვნებთან მუშაობა, თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევები (ძალადობის და სხვა), როცა აუცილებელია ჩართულობა და მოხდება ამ შემთხვევების დაკონკრეტება.
„დღესაც სოციალური მუშაკი ღამის საათების განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას ახდენს. უბრალოდ, დღეისათვის არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული ის შემთხვევები, როცა სოციალური მუშაკისთვის აუცილებელია რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი პრაქტიკა, სადაც რიგ შემთხვევებში სწორად ხდება სოციალური მუშაკების ჩართვა ღამის საათებში და მათთან დაკავშირება, რიგ შემთხვევებში, ზედმეტად და გადაჭარბებულად იქ, სადაც არ არის საჭირო, რიგ შემთხვევებში პირიქით, სადაც საჭიროა, იქ არ იქნა ჩართული სოციალური მუშაკი.
სწორედ ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც ახლა გავწერთ და 1-ელი ივნისიდან იქნება დამტკიცებული, სადაც კონკრეტულად გაიწერება სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ, სისტემატიზაცია მოხდება, რომ კონკრეტულად იყოს განსაზღვრული რა შემთხვევაში, რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინოს სოციალურმა მუშაკმა, ასევე გათვალისწინებული იქნება ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურება,"- განაცხადა ბარკალაიამ.