Bank of America (BAC) 2025 წლისთვის აშშ-ში დასაქმებული თანამშრომლებისთვის საათობრივ ანაზღაურებას 25 დოლარამდე გაზრდის. ამის შესახებ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად დაგვიჯდება, მაგრამ ამას, როგორც ინვესტიციას, ისე ვუყურებთ,“ - განუცხადა ტელეკომპანია CNN-ს ამერიკის ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან მოინიჰანმა.
მისი თქმით, ბანკი „გუნდის წევრებს მაღალი დონის ცხოვრებში“ ეხმარება. ამასთან, მაღალი ხელფასი თანამშრომლებს „კარიერული წინსვლის განწყობას“ შეუქმნის და მათი ლოიალურობის წინაპირობაც იქნება, რაც აქციონერებისთვის „ამ ინვესტიციიდან მიღებული მოგებაა.“ გენერალური დირექტორი ხაზგასმით შენიშნავს, რომ მთავარია, ისეთმა მსხვილმა კომპანიამ, როგორიცაა Bank of America, სტანდარტები დააწესოს და თავისი წარმატება საბანკო სექტორს გაუზიაროს.
Bank of America მინიმალურ სამუშაო ანაზღაურებას პირველად არ ზრდის. 2017 წელს მან საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარამდე გაზარდა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო 2 წელიწადში ამ დონეს 20 დოლარამდე აწევდა, რაც გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე განახორციელა. ხელფასის ზრდა 200 000-ზე მეტ თანამშრომელს შეეხო.
CNN-ის შეფასებით, ბანკის გადაწყვეტილება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია საერთო ეროვნული ამოცანისკენ, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ გამოცხადდა და მინიმალური ფედერალური საათობრივი ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა 28 აპრილს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ამ ამოცანას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. გასულ თვეს ბაიდენმა, ასევე, ხელი მოაწერა ბრძანებულებას ფედერალური კონტრაქტორი კომპანიებისთვის, რომელთაც 2022 წლისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ამჟამინდელი 10,95-დან 15 დოლარამდე გაზრდა დაევალათ.
გარდა იმისა, რომ ხელფასებს ზრდის, Bank of America თავის გამყიდველებსა და მიმწოდებლებს მათი თანამშრომლებისთვის საათობრივი ხელფასის მინიმუმ 15 დოლარამდე მომატებას მოითხოვს. ეს შეეხება Bank of America-ს 2000 მიმწოდებელ ფირმასა და მათ 43 000 თანამშრომელს. ბრაიან მოინიჰანის თქმით, ბანკის მიმწოდებელთა 99% თანამშრომლებს საათობრივად სულ ცოტა 15 დოლარს უკვე უხდის.
CNN-ის ცნობით, ხელფასებს სხვა ბანკებიც ზრდიან, „თუმცა არა ასე აგრესიულად“. მაგალითად, JPMorgan Chase (JPM)-მა 2018 წელს განაცხადა, რომ 22 000 თანამშრომლისთვის საათობრივ ანაზღაურებას 15-დან 18 დოლარამდე გაზრდის მათი საცხოვრებელი ადგილის ფასების მიხედვით. მაგალითად, ვაშინგტონში ბანკმა ხელფასის 18 დოლარამდე გაზრდა დაივალდებულა. 2019 წელს მინიმალური საათობრივი სამუშაო ანაზღაურება15 დოლარამდე Citigroup-მაც გაზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ