აშშ გეგმავს, რომ ჩინეთს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწროს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კომპანია Ford-ის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს განაცხადა.
„ავტომობილების წარმოების მომავალი ელექტრომობილებია. უკან დასახევი გზა არა გვაქვს. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გავხდებით ლიდერები თუ ჩამოვრჩებით სხვებს ამ რბოლაში,“ - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ამ რბოლაში ლიდერი ჩინეთია და „თავის მოტყუება არ ღირს, რადგან ეს ფაქტია.“ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გარკვეული ხნის წინათ ელექტრომობილების წარმოების სეგმენტში აშშ ლიდერობდა და ამ სფეროში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
„ახლა ჩვენ მერვე ადგილზე ვართ, პირველზე კი ჩინეთია. მათ მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი და ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ მოიგებენ ამ რბოლას, მაგრამ მე მათთვის ახალი ამბავი მაქვს: ისინი ამ რბოლას ვერ მოიგებენ. ჩვენ მათ არ დავუთმობთ,“ - განაცხადა ბაიდენმა.
ქარხანში ბაიდენმა პირადად გამოსცადა Ford-ის ახალი ელექტროპიკაპი F-150 Lightning. დღეს ამ მოდელის ოფიციალური პრემიერაა დაგეგმილი, ხოლო მისი გაყიდვები შტატებში მომავალი წლიდან დაიწყება.