თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების ნაწილი, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების ნაწილი, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ. ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე პროცესში პოზიტიურ შედეგებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ.

„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტრაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან“, - განაცხადა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ველთაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ხელს რაზე აწერდნენ.

„ამაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ აპლიკანტებთან გამგზავრებამდე. ვაცნობთ იმ სამუშაო შეთავაზებას, რაც იგივე კონტრაქტშია. ვეუბნებით, რომ კონტრაქტში, რომელიც წასვლამდე გადაეცემათ მათ, გაწერილია სამუშაო პირობები, ხარჯები, სამუშაო საათების ანაზღაურება. იგივე პირობები იწერება კონტრაქტებშიც. წასვლის წინ მათ უტარდებათ წასვლის წინა საორიენტაციო ტრენინგი, სადაც მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.