სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ. ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, ველთაურმა ვერ დააკონკრეტა რა პირობებით მოხდება დასაქმებულების ანაზღაურება, 3,5 ევროს ოდენობით საათში, რასაც დამსაქმებელი მათ სთავაზობს, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ 9,5 ევროდ.

„აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება, რომელიც მათ იმუშავეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა დამსაქმებელთან გადავლენ“, - განაცხადა ველთაურმა.

„ეს არის საკითხი, რასაც გერმანულ მხარესთან დავაზუსტებთ. მაქსიმალურად სამართლიანად მოხდება ანაზღაურება“, - განაცხადა ველთაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებელთან ქართულ მხარეს მიმოწერა და პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენი უფლებამოსილებაა ის, რომ თუკი რაიმე კითხვა ან შეუსაბამობა იქნება სამუშაო ადგილზე, საქმის კურსში ჩავაყენოთ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო, რომელიც ორშაბათს ჩავაყენეთ საქმის კურსში. 9 მაისს წავიდა ჯგუფი. მოგვწერეს 10 მაისს და 10-შივე შესაბამისი წერილი გავაგზავნეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად გავაგზავნეთ რამდენიმე წერილი; იყო სატელეფონო კომუნიკაციაც. ასევე, ბერლინში საქართველოს საელჩო და საკონსულოც კომუნიკაციაშია როგორც ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, შრომის სააგენტოსთან. გვქონდა შუალედური პასუხები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სამშაბათს მოვიდა საბოლოო პასუხი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა უკვე გაატარა ან გეგმავს. მონიტორინგი ჩატარდება იმაზე, რასაც დამსაქმებელი გაატარებს“, - განაცხადა ველთაურმა.

რაც შეეხება ორ ადამიანს, რომლებმაც პირობა დაარღვიეს, როგორც ველთაური ამბობს, ისინი სქემიდან გავიდნენ, შესაბამისად, მათთან ქართული მხარე კომუნიკაციაში აღარ არის.

„როდესაც დამსაქმებელი ხელს აწერს შრომის პირობებზე, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ამ ვალდებულებებს არღვევს, მათ ფედერაცია აჯარიმებს, თუმცა რამდენით და როგორ არ ვიცი“, - ამბობს ველთაური.

ამასთან, დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წინა სამ ჯგუფს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, არანაირი პრობლემა არ აქვთ.

„წინა სამ ჯგუფთანაც ვართ ჩვენ კომუნიკაციაში როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში. სამივე ჯგუფს ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. თავიდან მეტი კითხვა იყო, მეტი დეტალი აინტერესებდათ, ყველაფერი უცხო იყო მათთვის. ყველანაირი კითხვა ამოვწურეთ, რაც კი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო“, - განაცხადა ველთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.