საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა ფრანგული რესტორნები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ მენიუში იმპორტირებული ხორცი დომინირებს. პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, უპირატესობა ეროვნულ პროდუქციას მიანიჭონ. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადება ნახევარწლიანი ლოქდაუნის შემდეგ რესტორნების ქსელის გახსნას მოჰყვა.
„ფრანგული რესტორნების მაგიდებზე წარმოდგენილ კერძებში ხორცის 60% საფრანგეთიდან არ არის და გარედანაა შემოტანილი. ფრანგული ხორცი ყველგან უნდა დავიცვათ,“ - აცხადებს პრეზიდენტი და რესტორატორებს ფერმერთა მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ფერმერებს და როგორც სკოლის სასადილოებში, ისე რესტორნებში ადამიანებს მეტწილად ფრანგული ხორცი უნდა შევთავაზოთ. ამ მხრივ ყველა გახსნილ რესტორანს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ,“ - განაცხადა მაკრონმა.
გასული თვის ბოლოს საფრანგეთის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ჟულიენ დენორმანდიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ ქვეყნის სასადილოებსა და რესტორნებში მენიუს ძირითადი წილი ევროკავშირის საზღვრებს გარედან შემოტანილ ხორცს უკავია. მინისტრმა ამას „აბსურდული სიტუაცია“ უწოდა და გამოვიდა ინიციატივით, რომ საკვები დაწესებულებებისთვის ხორცის იმპორტიორი ქვეყნის მითითება სავალდებულო გახდეს.
მინისტრის განცხადებით, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქათმის ხორცი, რომელსაც მათ ბავშვებს სასადილოებში აჭმევენ, მეტწილად უკრაინული და ბრაზილიურია, ნაკლები რაოდენობით შესაძლოა, ევროკავშირში დამუშავებული ხორციც იყოს, მაგრამ საერთოდ არ არის ფრანგული. ჟულიენ დენორმანდიმ არ გამორიცხა, რომ საკვებ ობიექტებში ყველანაირი ხორცის იმპორტიორი ქვეყნის მითითებაზე ვალდებულება მიმდინარე წლის ზაფხულში დაწესდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ