თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ პოლიეთილენი იმ ნარჩენების სიას დაუმატა, რომელთა შეტანაც ქვეყანაში უკანონოდ ითვლება. პოლიეთილენის ნარჩენების იმპორტზე აკრძალვა 45 დღის შემდეგ შევა ძალაში. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ეკოლოგიურმა ჯგუფ Greenpeace Mediterranean-მა ეს ინიციატივა უკვე მოიწონა და მას „ნარჩენთა ნულოვანი იმპორტისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. ნარჩენთა ნულოვანი იმპორტი თურქეთის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს ამოცანაა. გასულ წელს იმპორტირებული პლასტიკური ნარჩენების 74% უკვე აკრძალული ნარჩენების სიაშია.
მიმდინარე კვირას Greenpeace-მა თავისი გამოძიების მასალები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პლასტიკურ ნარჩენებს, როგორიცაა საშოპინგე პაკეტები ან დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან შემოტანილი შეფუთვები, სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე ყრიან და წვავენ.
„თურქეთში ყოველდღიურად მთელი ევროპიდან პლასტიკური ნარჩენებით დატვირთული 241 მანქანა შემოდის. ჩვენ ევროპაში დღემდე პლასტიკური ნარჩენების უდიდეს ნაგავსაყრელად ვრჩებით, რაც შემაშფოთებელია,“ - აცხადებს Greenpeace Mediterranean-ის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროექტების ხელმძღვანელი ნიჰანა თემიზ ატასი.
თურქეთის პლასტმასების მწარმოებელთა ასოციაციამ ასეთი აკრძალვა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამინისტროს დარგის წარმომადგენლებთან კონსლუტაციები არ ჰქონია.
„აკრძალვას ჩვენი ქვეყნის პლასტმასის წარმოების სექტორი ჩიხში შეყავს,“ - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი სელჩუკ გულსუნი და მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ