„მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურიზმის აღდგენა"

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობაა ვიყოთ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მადრიდის Fitur 2021 არა მარტო დამსწრე - ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისთვის ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ეს არის აბსოლუტურად განხორციელებადი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მადრიდის ტურისტულ გამოფენას ესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის განცხადებით, მადრიდის მასშტაბურ გამოფენაში, კორონავირუსის მიუხედავად, 100-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათგან 30 ქვეყნის დელეგაციას მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„გამოფენაზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ უზრუნველვყოფთ ტურისტული ინდუსტრიის უსაფრთხო ფუნქციონირებას. კერძოდ, ტურისტული სექტორის ვაქცინაცია პრიორიტეტულია და დარგის აღდგენა სწრაფად ხორციელდება. დაგეგმილი მაქვს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებთან. ჩემს კოლეგებთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით კოვიდს და ვაჩქარებთ ჩვენს ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის პროცესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.