დასუფთავების დავალიანების ჩამოწერის სანაცვლოდ, "თბილსერვისი" თანხას თბილისის ბიუჯეტიდან მიიღებს

თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 11 000-მდე ოჯახს დასუფთავების დავალიანება ჯამში 1 000 000 ლარი ჩამოეწერება.

როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჩამოეწერება 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადის მიბმის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება.

აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიამ საკრებულოს დღეს წარუდგინა. თბილისის მერი საკრებულოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხოლო მოსახლეობა მიმართავს, მომავალში აუცილებლად გადაიხადონ დასუფთავების მოსაკრებელი, რათა ქალაქში სისუფთავის შენარჩუნება შეძლონ.  "დედაქალაქის წინა მთავრობამ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს მიაბა. ტარიფის დადგენის წესი იყო უსამართლო, ხოლო თავად ტარიფი მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური და ამ გადაწყვეტილებამ თბილისელთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა და 2013 წლის 1 ივნისს გაუქმდა. ამ პერიოდში 11 000-მდე აბონენტს ჯამში დაუგროვდა 1 მილიონი ლარის დავალიანება, რისი გადახდაც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ შეძლო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავალიანების მქონე აბონენტების სუბსიდირება მერიამ საკუთარ თავზე აიღო და აღნიშნული თანხა "თბილისსერვისს" თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ჩაერიცხება. დღეს ამავე თემაზე ბრიფინგი გამართა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯაბა სამუშიამ და განაცხადა, რომ დასუფთავების დავალიანება 12 ათასამდე ოჯხს ჩამოეწრება. მისივე ინფორმაციით, საუბარია მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.