გიორგი კაკაურიძე - შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ ფინანსდება, 6-თვიან პერიოდზეა გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება, შეუძლებელი იქნება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ არის დაწესებული, 6 - თვიან პერიოდზეა გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება არ მოხდება.

თუმცა, როგორც კაკაურიძე აღნიშნავს, გარკვეული ინიციატივების წარმოდგენა მაინც მოუწევთ და სავარაუდოდ, სამომავლოდ, სოციალური ხარჯების წილი ბიუჯეტში გაიზრდება.

"ჩვენ აპრილის თვის მონაცემები გვაძლევს გარკვეულ იმედებს, თუმცა, ერთი თვის მონაცემებით გადაწყვეტილების მიღება არის საკმაოდ რთული. შეღავათები, რაც დაწესებულია და პროგრამები, რაც ფინანსდება პანდემიის საპასუხოდ, 6 თვიან- პერიოდზე გვაქვს გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება, რაც ნიშნავს რომ კიდევ 6 თვით უნდა გავზარდოთ, შეუძლებელი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ახალი ინიციატივების წარმოდგენაც, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას, მათ შორის, რაც ბავშვთა სიღარიბის კუთხით დიდი გამოწვევაა და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. ამაზე იქნება სამსჯელო, საფიქრალი და ჩვენ პრინციპში სოციალური ხარჯების ეფექტურობა უნდა გავზარდოთ და შეიძლება სოციალური ხარჯების წილიც ბიუჯეტთან მიმართებაში მზარდი იყოს", - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილეს.