ფინანსთა მინისტრის მოადგილე - პანდემიური ხარჯები ჯამურად 539.5 მილიონი ლარია

ჯანდაცვის კუთხით გაწეულმა ხარჯებმა პირველ კვარტალში 176, 6 მილიონი ლარი შეადგინა , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის” განხილვისას განაცხადა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ეს არის უშუალოდ პანდემიიდან გამომდინარე ხარჯები და ამაში არ შედის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ხარჯები.

„მოსახლეობის სოციალური დახმარების კუთხით გაწეულმა ხარჯმა 212,4 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებამ 86,9 მილიონი ლარი შეადგინა. ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ჯამში გახარჯული თანხა შეადგენს 150,5 მილიონ ლარს. ეს ყველაფერი ერთობლივად არის პანდემიური ხარჯები, რაც ჯამურად 539,5 მილიონი ლარია. აღნიშნულის ხარჯვა პირველ კვარტალშიც მოხდა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის დაგეგმა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მოხდა. ამასთან, ქვეყანაში პანდემია ყველაზე მაღალ ნიშნულზე ამ პერიოდში იყო.

„ბიუჯეტის დაგეგმვისას აქცენტი პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე იქნა გაკეთებული. გასულ წელს ეკონომიკური ვარდნა 6.1% გვქონდა. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი და ვარდნა წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა. თუმცა, მარტში საკმაოდ პოზიტიური 4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ფასების ზრდაც შეინიშნება, დაგეგმილზე მაღალი მოცულობით. საშუალო წლიური ინფლაცია 4,8%-ია. თუმცა, ინფლაციის დონე მარტში 7.2% იყო. მოგეხსენებათ, მიზნობრივი მაჩვენებელი ქვეყანაში 3% -ია განსაზღვრული.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, აქაც პირველი ორი თვე შედარებით პრობლემური იყო. თუმცა, მარტიდან საკმაოდ კარგი ტენდენცია შეინიშნება“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო.

„პირველ კვარტალში 135 ათასამდე ვიზიტორი გვყავდა, რაც 90%-ით ნაკლებია გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში 53,6 მილიონი დოლარი შეადგინა“,- აღნიშნა კაკაურიძემ.