სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წლის მეორე აუქციონზე გამოტანილი 189 ქონებიდან, 27 გაიყიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის ის 10 კომპანია, რომელმაც სახელმწიფო ქონება 1 მლნ ლარზე მეტად იყიდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად გაყიდული ქონებიდან, 3 კერძო პირებმა შეიძინეს.
1. შპს „მოდერნ ჰაუს დეველოპმენტი“ - თბილისში ქიზიყის ქუჩაზე არსებული 38 178 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა 1 702 000 ლარად შეიძინა. კომპანია მიმდინარე წლის 2 მარტს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ჯივიაი მოტორს ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დირექტორია გიორგი ღვინაძე. თავის მხრივ, შპს „ჯივიაი მოტორს ჯორჯია“ -2017 წლის 7 ივლისს დარეგისტრირდა, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი, გიორგი ღვინაძეა.
2. ნონა ჭანტურია (ფიზიკური პირი) - თბილისში, რკინიგზის სადგურ ლილოს მიმდებარედ არსებული 45437 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2 525 000 ლარად იყიდა.
3. დავით კოსტავა - (ფიზიკური პირი)- ქუთაისში ტაბიძის ქუჩის სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 750 000 ლარად იყიდა.
4. შპს ალფა - თბილისში დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 3 115 000 ლარად შეიძინა. კომპანია 2021 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელია ტარიელ გიორგაძე, ხოლო დირექტორი - ირაკლი წიკლაური.
5. შპს „ქანდა აგრიქალჩერი“ - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 771701 კვ.მ და 634954 კვ.მ სასოფლო სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები 11 035 000 ლარად იყიდა. შპს „ქანდა აგრიქალჩერი“ 2021 წლის 7 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 51% ლუიზა ალავერდოვს, ხოლო 49% რუსეთის მოქალაქეს დმიტრი ლიპატოვს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორია ლუიზა ალავერდოვი.
6. გია გორგოშაძე - (ფიზიკური პირი) - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 11 125 000 ლარად იყიდა.
7. შპს „არტ-ინვესტი“ - ქუთაისში გამსახურდიას გამზირზე მდებარე 31253 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 728 000 ლარად შეიძინა. „არტ-ინვესტი“ 2014-ის 4 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი ზვიად ბიბილეიშვილია, ხოლო დირექტორი ვიტალი ბიბილეიშვილი.
8. შპს „ასკანელი-აგრო“ - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 871 000 ლარად შეიძინა. კომპანია 2019 წლის 30 იანვარს დაფუძნდა. დამფუძნებელია გოჩა ჩხაიძე, დირექტორი კი - გიორგი ძნელაძე.
9. სს დე ჯგუფი - ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული 7030 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 30 063 000 ლარად იყიდა. დე ჯგუფი 2021 წლის 10 მაისს დარეგისტრირდა, რომელიც აქციონერთა სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო დირექტორია ჩინეთს მოქალაქე ჰოუ იანანი.
10. შპს „გოფრატა“ - თბილისში, ვანის ქუჩის მიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 3 905 000 ლარად შეიძინა. კომპანია 2010 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა. 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კი, გივი მამუკაშვილია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.