ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა მუშაობს და პირველი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა, საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად, დარჩება სატესტო რეჟიმში,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
ირინა მილორავას განმარტებით, ცალკე აღებული ბირჟა მზად არის პირველი ივლისიდან ამოქმედდეს, მაგრამ ბირჟა არის საათობრივი ვაჭრობის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ელემენტი და თუ საათობრივი ვაჭრობა გადაიწევს, ბუნებრივია, გადაიწევს ბირჟის საქმიანობის დაწყებაც.
„საათობრივი ვაჭრობა მოიცავს არა მარტო ბირჟის საქმიანობას, არამედ საბალანსო და ორმხრივი ხელშეკრულების ბაზრის ოპერირებას. შესაბამისად, საბითუმო დონეზე მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვაც უნდა მოხდეს საათობრივ ჭრილში. რეფორმის ეს ნაწილი თუ გადავადდება, და ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გააკეთა, შესაბამისად, ბირჟის ამოქმედებაც გადაიწევს. უკვე აპრილში, საათობრივი ვაჭრობის ყველა ელემენტი დავტესტეთ ერთობლიობაში. თუ აქამდე მონაწილეები ცალკე ბირჟაზე და ცალკე საბალანსო ბაზარზე ვაჭრობდნენ სატესტო რეჟიმში, აპრილიდან ჩვენ და საბალანსო ბაზრის ოპერატორმა ჩავატარეთ ერთობლივი სატესტო ვაჭრობა, სადაც მონაწილეები ვაჭრობდნენ ჯერ ბირჟაზე, შემდეგ, როდესაც ბირჟა დაიხურა, ვაჭრობა დაიწყო საბალანსო ბაზარზე. ვაჭრობის მომდევნო დღეა ფიზიკური მიწოდების დღე. რომლის დასრულების შემდეგ, საბალანსო ბაზრის ოპერატორმა მიიღო ვაჭრობაში ჩართული ყველა მონაწილის აღრიცხვის საათობრივი მონაცემები, რომელიც შედარდა ვაჭრობის შედეგებს.
პირველი ეტაპი გავიარეთ, რომლის ამოცანა იყო: ერთი - შეგვემოწმებინა ტექნიკურად რამდენად შეუფერხებლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ბირჟა და საბალანსო ბაზარი, რამდენად სწორად და დროულად მიეწოდება ვაჭრობის მონაცემები და აღრიცხვის მონაცემები საბალანსო ბაზარს; მეორე - შეგვემოწმებინა მონაწილეების მზადყოფნა, თუ რამდენად აქვთ განვითარებული უნარები, რომ ყველა ბაზარზე ივაჭრონ და სწორი სავაჭრო სტრატეგია ჩამოაყალიბონ“,- განაცხადა ირინა მილორავამ.
როგორც მილორავამ აღნიშნა, ახლაც მიმდინარეობს სატესტო ვაჭრობის მეორე ეტაპი. ამასთან, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ასეთი გაერთიანებული სატესტო ვაჭრობები გაგრძელდება.
რაც შეეხება რეფორმის მეორე ნაწილს, რომელიც ბაზრის გახსნას ითვალისწინებს, მილორავას განმარტებით, გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობების გაყოფა მოხდა. შედეგად, კომპანიებს „თელასს“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უფლება ექნებათ, ელექტროენერგია მხოლოდ ფიზიკურად მომხმარებლამდე მიიტანონ.
„თელასთან“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით, 1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში. ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობების გაყოფა, რაც ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს აეკრძალებათ ელექტროენერგიით ვაჭრობა. მათ უფლება ექნებათ, ელექტროენერგია მხოლოდ ფიზიკურად მიიტანონ მომხმარებლამდე. რაც შეეხება ელექტროენერგიით ვაჭრობას, ელექტროენერგიას მომხმარებელი იყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან, დერეგულირებულ ფასად. შესაბამისად, ამ ცვლილების შედეგად საცალო ბაზარზე უნდა გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლები, რაც არის ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის განვითარების წინაპირობა. იმისთვის, რომ დაცული იყოს მოსახლეობა და მცირე ბიზნესი. 1-ლი ივლისიდან ორივე კომპანიის არეალში დასახელდება უნივერსალური მიმწოდებლები, რომლებიც ამ კატეგორიის მომხმარებლებს „სემეკის“ მიერ დადგენილ ფასად ელექტროენერგიას მიაწვდიან. გარდამავალ ეტაპზე, უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით ისარგებლებენ, ასევე ის საწარმოები, რომლებსაც მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციით ჯერ არ აქვთ თავისუფალ ბაზარზე გასვლის ვალდებულება“,- აღნიშნა მილორავამ.
მისი თქმით, 1-ლი ივლისიდან საცალო ბაზარზეც კონკურენცია გაჩნდება. საწარმოები ელექტროენერგიის შესყიდვას არსებული ბაზრის მოდელში გააგრძელებენ.
„არსებული ბაზარი, მათ აძლევთ საშუალებას, რომ ელექტროენერგია იყიდონ როგორც ორმხრივი ხელშეკრულებებით, პირდაპირ გენერაციის ობიექტებისგან. ასევე, სისტემის კომერციულ ოპერატორისგან. ეს მოდელი ამ ექვსი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. თუმცა, პარალელურად სატესტო რეჟიმში იმუშავებს ახალი მოდელი, რომელიც საათობრივ ვაჭრობას ითვალისწინებს“,- განაცხადა ირინა მილორავამ.